logo
ENG



"სამარცხვინო კაცი ხარ" - პარლამენტში დაპირისპირება იყო, ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს

02 ნოე 202313:19
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მან შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორს, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ბერიას "სამარცხვინო კაცი" უწოდა და მას გადადგომისკენ მოუწოდა.

ამას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს.

***

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". 

გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვოს.

 


close დახურვა